რესპუბლიკა 100

საქართველოს თანამედროვე საზღვრები: ისტორია


ავტორი: ბექა კობახიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „თანამედროვე საქართველოს ისტორიის“ სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი. 

რუკები: გიორგი ფარცხალაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი


ისტორიისა და მითოლოგიური „ისტორიული საზღვრების“ სწორი გაგება არ არის განყენებული, ერუდიციული ცოდნა, არამედ ის წარმოადგენს ერთ-ერთ გასაღებს  კავკასიის ტერიტორიაზე კონფლიქტების პრევენციისა და მოგვარებისთვის.

ქართველებმა და მეტადრე საქართველოს მმართველმა ელიტებმა კარგად უნდა იცოდნენ როგორც საკუთარი საზღვრების ისტორია, ასევე მეზობლების ხედვა და არგუმენტაცია სასაზღვრო საკითხებთან დაკავშირებით.

ზოგჯერ, საკითხის არცოდნამ შეიძლება უხერხულობაც გამოიწვიოს. მაგალითად, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, 2013 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში თავის საგარეო საქმეთა მინისტრობის დროინდელ 2005 წლის შეხვედრას ასე იხსენებდა რუს კოლეგა სერგეი ლავროვთან: „სანამ რუსეთს და საქართველოს შორის არ დადგინდება ახალი საზღვრები ორივე სახელწიფოს შეთანხმებით, საერთაშორისო სამართლის თანახმად, ორ სახელმწიფოს შორის ბოლოს აღიარებული საზღვრები რჩება ძალაში, ანუ ის რაც 1920 წლის ტრაქტატით იქნა აღიარებული. იმ დროისთვის სოჭი საქართველოს საზღვრებში შედიოდა და დღესაც ეს იურიდიულად ძალაში რჩება, რაც სხვათაშორის სერგეი ლავროვს 2005 წელს მოლაპარაკებების დროს შევახსენე, რათა ბაზებზე მოლაპარაკების დასრულების შემდეგ საზღვრების საკითხზე მოლაპრაკების აუცილებლობაში დამერწმუნებინა.“

სინამდვილეში, 1920 წლის 7 მაისს გაფორმდა არა ტრაქტატი, არამედ ხელშეკრულება და ამ დოკუმენტის მიხედვით სოჭი რჩებოდა საბჭოთა რუსეთის შემადგენლობაში. ეს შეცდომა მხოლოდ ერთი მაგალითია უახლოესი წარსულიდან, მაგრამ მსგავსი არაერთი ფაქტის მოხმობა შეიძლება. ერთია მედიაში ნათქვამი სიტყვა, მაგრამ დიპლომატიური მოლაპარაკებების დროს გაპარულმა ასეთმა უზუსტობამ შეიძლება ქართული მხარე უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდოს ან, უარეს შემთხვევაში, სკანდალიც გამოიწვიოს.

ეს მოკლე პუბლიკაცია ვერ გამოდგება ანტიკური ხანიდან დღევანდელ დღემდე საქართველოს საზღვრების ისტორიის შესასწავლად, მაგრამ ის საბაზისო ინფორმაციას მოგაწვდით იმის შესახებ, თუ როგორ ჩამოყალიბდა საქართველოს რუკა იმ საერთაშორისო სამართლებრივ საზღვრებში, რომელშიც ის დღეს არის. უმეტესწილად საუბარი მოგვიწევს მეოცე საუკუნის მოვლენებზე: მეფის რუსეთი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, საბჭოთა საქართველო და პოსტსაბჭოთა საქართველო.

ქვემოთ მოკლედაა მიმოხილული საზღვრის თითოეული მიმართულება.

ისტორიის მანძილზე საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ საზღვარი ხშირად სცდებოდა მდინარე ფსოუს. ფეოდალური საქართველოს ოქროს ხანაში ის მოიცავდა ჯიქეთსაც, თავისი ნიკოფსიით. გვიან შუა საუკუნეებში, ქართულ სამეფო-სამთავროთა დასუსტების შემდეგ, ფაქტობრივმა საზღვარმა ფსოუდან ბევრად აღმოსავლეთითაც გადმოიწია, მაგრამ ის ისტორიაში არასდროს გადიოდა ფსოუზე, ვიდრე 1919 წლამდე. როგორ დადგინდა საზღვარი ფსოუზე?

1903 წელს სოხუმის ოკრუგი გამოეყო ქუთაისის გუბერნიას. 1904 წელს სოჭის რაიონი, ქალაქი გაგრითურთ, ჩამოსცილდა სოხუმის ოკრუგს და გადაეცა შავი ზღვის გუბერნიას. ადმინისტრაციული საზღვარი ამ ორ ერთეულს შორის გავიდა მდინარე ბზიფზე. ანუ, 1917 წელს, რუსეთის იმპერიის დაშლის მომენტისთვის, თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორია განაწილებული იყო სოხუმის ოკრუგსა და შავი ზღვის გუბერნიებს შორის.

რუსეთის იმპერიის დაშლას მოჰყვა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება 1918 წლის 26 მაისს. ამის პარალელურად დაიწყო რუსეთის ტერიტორიაზე სამოქალაქო ომი ბოლშევიკებსა და მეფის თეთრგვარდიელ გენერლებს შორის. იმავე წლის ივნისისთვის, აფხაზმა ბოლშევიკებმა აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადეს. სეპარატიზმის აღსაკვეთად, იქ გაიგზავნა ქართული ჯარი გენერალ გიორგი მაზნიაშვილის მეთაურობით. მას დიდი წინააღმდეგობა არ შეხვედრია,ჯარმა დაიკავა სოხუმი, გაგრა, სოჭი და 26 ივლისს ტუაფსეშიც შევიდა.

ამასობაში გეოპოლიტიკური ვითარება შეიცვალა: 1918 წლის სექტემბრისთვის სამხრეთ რუსეთი მეფის გენერლების – მიხაილ ალექსეევისა და ანტონ დენიკინის მოხალისეთა ჯარებმა დაიკავეს; მეორე მხრივ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მფარველი გერმანიის საქმე მსოფლიო ომში დამარცხებისკენ წავიდა.

1918 წლის 25-26 სექტემბერს, ეკატერინოდარში (დღევანდელი კრასნოდარი) გამართული მოლაპარაკებისას, მეფის გენერლები შავი ზღვის ყოფილი გუბერნიიდან ქართული ჯარების გაყვანას, ტუაფსეს, სოჭისა და გაგრის მათთვის გადაცემას მოითხოვდნენ. ქართულ მხარეს მოლაპარაკებებზე წარმოადგენდნენ ევგენი გეგეჭკორი და გენერალი მაზნიაშვილი. ისინი მზად იყვნენ რუსეთისთვის ტუაფსე დაეთმოთ, რადგან იქ ქართული მოსახლეობა ძალიან მცირე რაოდენობით ცხოვრობდა. ამასთანავე, რესპუბლიკას გაუჭირდებოდა საკუთარი საზღვრების ყველა მიმართულებით ომის წარმოება. ქართულმა მხარემ ტუაფსე კი დატოვა, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა, რუსი გენერლები სოჭის დათმობასაც კატეგორიულად ითხოვდნენ.

1918 წლის დეკემბერში, სომხეთთან მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, სდრ-მ აფხაზეთიდან საკუთარი შეიარაღებული ნაწილები ლორესკენ გადაისროლა და ადგილზე მხოლოდ ერთი ბატალიონი დატოვა გენერალ კონიაშვილის მეთაურობით. აფხაზეთშივე იყვნენ მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ სამხრეთ კავკასიაში შემოსული ბრიტანელი სამხედროები, რომლებსაც დენიკინის სამხედრო ქმედებათა შემაკავებელი პოლიტიკური ფუნქცია უნდა შეესრულებინათ.

თუმცა, რუსმა გენერალმა არაფრად ჩააგდო ბრიტანელთა ადგილზე ყოფნა და 1919 წლის 6 თებერვალს წამოიწყო სამხედრო იერიში. ამ დროისთვის სამხრეთ რუსეთის მოხალისეთა ჯარის რიცხოვნობა 80 ათასს აჭარბებდა და, ბუნებრივია, ერთმა ქართულმა ბატალიონმა წინააღმდეგობა ვერ გასწია. თეთრგვარდიელებმა დაიკავეს სოჭი, გაგრა და დადგნენ მდინარე ბზიფთან. ამას მოჰყვა ქართული მხარის პროტესტი, მაგრამ საკუთარი ნებით დენიკინი უკან აღარ დაიხევდა. ის თავის მიზნებს არც მალავდა – ბოლშევიკების მოსკოვიდან განდევნის შემდეგ, მას უნდა აღედგინა „ერთიანი და განუყოფელი რუსეთი“. ბზიფზე პოზიციების დაკავება კი შესანიშნავ პლაცდარმს იძლეოდა საქართველოს სიღრმეში შემოსაღწევად.

აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ 1918-1921 წლების სამხედრო მდგომარეობა ბევრად განსხვავდება დღევანდელისგან. დღეს არსებობს რუსეთთან დამაკავშირებელი როკის გვირაბი, რუსული ჯარები დგანან დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი ავტომაგისტრალიდან რამდენიმე ასეულ მეტრში; ისინი სრულად აკონტროლებენ აფხაზეთს და ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ გალის რაიონიდან ზუგდიდში გადმოსვლა. ესეც არ იყოს, თანამედროვე ავიაცია სათანადოდ არის განვითარებული დესანტების გადასასხმელად.

პირველი რესპუბლიკის დროს ავიაცია ამ როლს ვერ ითამაშებდა, არც როკის გვირაბი იყო გაჭრილი, არც რუსი სამხედროები იდგნენ საქართველოს ტერიტორიაზე. რუსეთიდან პირდაპირ საქართველოში შემოსაჭრელად მხოლოდ სამი გზა არსებობდა: 1. შავი ზღვიდან ფლოტით, მაგრამ შავ ზღვას მოკავშირეთა (ბრიტანეთ-საფრანგეთის) გემები აკონტროლებდნენ და არ იძლეოდნენ ზღვაზე სამხედრო ოპერაციების წარმოების საშუალებას; 2. დარიალის და მამისონის უღელტეხილებით, თუმცა დიდი რაოდენობის ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის ამ გზებით გადაადგილება პრობლემურია. ერთ აფეთქებას შეუძლია გზის მწყობრიდან გამოყვანა. ამიტომ, არათუ 1919 წელს, არამედ 2008 წელსაც კი არ შემოსულა რუსეთი ამ მიმართულებებიდან; 3. აფხაზეთიდან, ზღვის სანაპირო ზოლის გასწვრივ.

როგორც ვხედავთ, სდრ ყველაზე უფრო დაუცველი რუსეთის ფართომასშტაბიანი შემოტევისგან სწორედ აფხაზეთის ფრონტზე იყო. სდრ-ის პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას კარგად ესმოდა, რომ აფხაზეთის ფრონტის გამაგრება ეგზისტენციურ ამოცანას წარმოადგენდა. აქ მაღალი მთა ყველაზე ახლოს მიდის ზღვასთან პატარა მდინარე მეხადირის გაწვრივ (დაბა განთიადთან, ფსოუდან 6 კილომეტრში, სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით). ამ პერიმეტრის დაკავება იყო საჭირო და იქ სამხედრო ფორთიფიკაციების მოწყობა.

1919 წლის 17 აპრილს, როდესაც დენიკინი ბოლშევიკებთან ბრძოლით იყო დაკავებული, სდრ-მ მოულოდნელი სამხედრო იერიში წამოიწყო, გადალახა მდინარე ბზიფი, დაიკავა გაგრა და უკვე 18 აპრილს დადგა მდინარე მეხადირთან. ეს არის ისტორიაში ერთადერთი შემთხვევა, როცა საქართველომ რუსეთს ტერიტორიები ძალის გამოყენებით დაათმობინა.

აქედან ერთი წლის მანძილზე, დენიკინი მუდმივად მოითხოვდა ქართველებს დაეხიათ მდინარე ბზიფამდე. ის თანახმა იყო ბზიფსა და მეხადირს შორის ტერიტორია ნეიტრალურ ზონად ქცეულიყო, ბრიტანელი სამხედროების კონტროლქვეშ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამხედრო მოქმედებების დაწყებით იმუქრებოდა. კონფლიქტის ესკალაციის შიშით, უკან დახევისკენ მოუწოდებდნენ ქართველებს ბრიტანელი სამხედროებიც. სდრ ბოლომდე გაჯიუტდა, არ დაიხია უკან და მეხადირზე სამხედრო ფორთიფიკაციები ააგო. ეს იყო დროებითი სადემარკაციო ხაზი, მაგრამ გავიდა საუკუნეზე მეტი და ისევ აქ გადის რუსეთ-საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვარი.

მართალია 1919 წლის 14 მარტს პარიზის სამშვიდობო კონფერენციისთვის წარდგენილ მოთხოვნებში სდრ საკუთარ საზღვრებში სოჭის შეყვანასაც ითხოვდა, მაგრამ რეალურად პირველ რესპუბლიკას ამ მიმართულებით ზეწოლა არ განუხორციელებია. დანარჩენი საქართველოს დაცვა ბევრად უფრო ადვილი იყო მეხადირთან, ვიდრე სოჭში. მეტადრე მაშინ, როდესაც სოჭში მხოლოდ დაახლოებით 1400 ქართველი ცხოვრობდა და არ იყო გარანტირებული ქალაქის მოსახლეობისგან დემოკრატიული რესპუბლიკისადმი ლოიალური დამოკიდებულება. სოჭი სდრ-ის შემადგენლობაში შედიოდა მხოლოდ რვა თვის განმავლობაში – 1918 წლის 7 ივლისიდან 1919 წლის 6 თებერვლამდე.

სოჭის დათმობასა და საზღვრის მეხადირის გასწვრივ გამაგრებასთან დაკავშირებით სდრ-ის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის გათვლა სწორი აღმოჩნდა. რუსეთი ვერ შემოიჭრა პირდაპირ საქართველოში, მას მოუწია ჯერ მეზობელი აზერბაიჯანისა და სომხეთის დაკავება და 1921 წელს ამ ქვეყნებიდან განახორციელა სამხედრო ინტერვენცია.

მანამდე, 1920 წლის დასაწყისში, თეთრგვარდიული მოძრაობა დამარცხდა და საქართველოს გაუმეზობლდა საბჭოთა რუსეთი. იმავე წლის 7 მაისს გაფორმებული შეთანხმებით, რუსეთმა არათუ მეხადირი, არამედ მისგან ჩრდილო-დასავლეთით 6 კილომეტრის მანძილზე დაშორებული მდინარე ფსოუ აღიარა საზღვრად. ამის ცოდნა მნიშვნელოვანია, რადგან ბოლო წლების განმავლობაში პირადად რუსეთის პრეზიდენტმა არაერთგზის გამოიყენა ისტორიული ექსკურსები ტერიტორიული ამბიციების ლეგიტიმაციისთვის, მათ შორის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით. თუმცა მან, რასაკვირველია, არ ახსენა 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება. ქართულმა მხარემ უნდა იცოდეს ამ ხელშეკრულების დეტალები და, საჭიროების შემთხვევაში, სწორად გამოიყენოს ის.

ისტორიული სამცხე-საათაბაგო ოსმალეთის იმპერიამ მეთექვსმეტე საუკუნეში შეიერთა. რუსეთ-ოსმალეთის ომების მსვლელობისას, რუსეთმა ამ ტერიტორიების ეტაპობრივი დაკავება 1806 წელს დაიწყო და 1878 წელს დაასრულა. ახალციხისა და ახალქალაქის მაზრები ტფილისის გუბერნიას შეუერთდა, არდაგანი (არტაანი) და ოლთისი ყარსის ოლქის შემადგენლობაში შევიდნენ, ხოლო აჭარა და ართვინი ბათუმის ოლქში გაერთიანდნენ.

1918 წლის 3 მარტს, მსოფლიო ომიდან გამოთიშულმა საბჭოთა რუსეთმა ბათუმისა და ყარსის ოლქები, ამიერკავკასიის კომისარიატის დაუკითხავად, ბრესტ-ლიტოვსკის ზავით ოსმალეთს გადასცა. ამ უკანასკნელმა ესეც არ იკმარა და აპრილ-მაისის საომარი კამპანიების შედეგად ახალციხე-ახალქალაქიც დაიკავა. რომ არა გერმანიის იმპერიის საქართველოს სასარგებლოდ ჩარევა, ოსმალები ტფილისსაც კი უმიზნებდნენ. 4 ივნისს ბათუმში გაფორმდა სამშვიდობო ხელშეკრულება, რომლის ძალით სდრ იძულებული გახდა ბათუმის ოლქი, ახალციხისა და ახალქალაქის მაზრები ოსმალეთისთვის დაეთმო. ბევრად უფრო მძიმე იყო სომხეთის დანაკარგები. მისთვის დატოვებული ტერიტორია, ფაქტობრივად, ერევნის შემოგარენს არ სცდებოდა.

თუმცა ოსმალეთი მსოფლიო ომში დამარცხდა და, 1918 წლის 30 ოქტომბერს ხელმოწერილი მუდროსის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების თანახმად, მისმა ჯარებმა რეგიონი დატოვეს.

ეს სადავო ტერიტორიები დემოგრაფიული სიჭრელით გამოირჩეოდნენ. მაგალითად, ბათუმი კოსმოპოლიტური ქალაქი იყო, სადაც რუს მოხელეებთან ერთად, სომეხი, ბერძენი და სპარსელი ვაჭრები, მთიდან ჩამოსული მუსლიმი აჭარლები, გურული მუშები და სხვადასხვა ეროვნებათა წარმომადგენლები ცხოვრობდნენ; ახალქალაქში ქართველები უმცირესობაში იყვნენ და აქ სომხები, თურქები, ქურთები და თარაქამას ტომის მაცხოვრებელნი დომინირებდნენ; მთიან აჭარაში, ართვინსა და ახალციხეში ქართველი მუსლიმობა სჭარბობდა, მაგრამ მათი ეროვნული კუთვნილება და ქართული კულტურული სხეულისადმი ლოიალურობა ცალსახა ნამდვილად არ იყო.

მაგალითად, 1919 წლის თებერვალ-მარტში ყარსში დაიწყო აჯანყება, რომელიც ახალციხე-ახალქალაქზეც გავრცელდა. ის მიზნად ისახავდა „სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის რესპუბლიკის“ შექმნას, რომელიც რეალურად თურქული პოლიტიკური წარმონაქმნი იყო. საქართველოს ტერიტორიაზე ამ აჯანყებას სერვერ-ბეგ ათაბაგი (ჯაყელი) ხელმძღვანელობდა და მასში მონაწილეობას ბევრი მუსლიმი ქართველი იღებდა.

მეორე მხრივ, 1878 წელს ბათუმის ოლქის რუსეთის იმპერიისთვის შეერთებას დაემთხვა 1879 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების (ქშწკგს) დაარსება. საზოგადოებამ სათანადოდ იაქტიურა „სამაჰმადიანო საქართველოს“ ტერიტორიაზე და გახსნა მრავალი სკოლა. ქართულ ენაზე, ლიტერატურასა და ისტორიაზე გაიზარდა თაობები. ბუნებრივია, ერთი ორგანიზაცია მასობრივ განათლებას ვერ გასწვდებოდა და ახალგაზრდობის დიდი ნაწილი ისევ მედრესეებში სწავლობდა, მაგრამ ქშწკგს-მ შვა ძმები მემედ და ასლან აბაშიძეები (ეს უკანასკნელი ერთადერთი მუსლიმი ქართველი გენერალია) და მათთან ერთად 1919 წელს დაარსებული „სამაჰმადიანო საქართველოს მეჯლისი“-ს სხვა თვალსაჩინო წარმომადგენლებიც. ეს ხალხი ბათუმის ოლქის სდრ-ის შემადგენლობაში გაერთიანებას მოითხოვდა.

 

ყველაზე სუსტი სდრ-ის პოზიციები არდაგანთან და ოლთისთან მიმართებაში იყო. ეს რაიონები ყარსის ოლქში შედიოდა, რომელიც სომხეთის ისტორიულ ნაწილად განიხილებოდა. სამხრეთ კავკასიაში გერმანელთა და ოსმალთა განსადევნად შემოსულმა ბრიტანელებმა სწორედ სომხებს გადასცეს ყარსი.

საქართველოს პოზიციებს ასუსტებდა ისიც, რომ ქართული მოსახლეობა ამ ორ რაიონში აბსოლუტურ უმცირესობას წარმოადგენდა. მუსლიმთა საპირისპიროდ, უმცირესობაში იყვნენ სომხებიც, მაგრამ მათ ზურგს ადმინისტრაციული არგუმენტი უმაგრებდათ. რელიგიური მოტივით, ბათუმისა და ყარსის ოლქებზე, ასევე ახალციხისა და ახალქალაქის მაზრებზე, პრეტენზიას აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკაც აცხადებდა. თუმცა, ამ უკანასკნელის პრეტენზიები სერიოზულად არავის განუხილავს.

ოლთისთან და არდაგანთან მიმართებით საქართველოს არც დემოგრაფიული და არც ადმინისტრაციული არგუმენტი არ გააჩნდა, ის მხოლოდ ისტორიული კუთვნილებით მანიპულირებდა. თუმცა, სდრ-მ ბრიტანელებთან ერთად ჩაახშო „სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის რესპუბლიკის“ შექმნისთვის დაწყებული აჯანყება 1919 წლის თებერვალ-აპრილში და დაჯილდოვდა იმით, რომ არდაგანის რაიონის ჩრდილოეთ ნაწილი, ქალაქი არდაგანის ჩრდილოეთ ნაწილის ჩათვლით, მის შემადგენლობაში გადავიდა. დე ფაქტო საზღვარი ქართულ და სომხურ ტერიტორიებს შორის ქალაქ არდაგანის შიგნით, მდინარე მტკვარზე გადიოდა.

უფრო მეტიც, 1920 წლის ოქტომბერში დაიწყო ქემალისტური თურქეთის ომი სომხეთის წინააღმდეგ. იმავე წლის ნოემბერში, სდრ-ის ხელისუფლებამ, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის საბაბით, გადალახა მდინარე მტკვარი და დაიკავა არდაგანის ოკრუგის სამხრეთი ნაწილი, ქალაქ არდაგანისა და ჩილდირის ტბის ჩათვლით. შესაბამისად, 1921 წლის 11 თებერვლის მდგომარეობით, საბჭოთა ოკუპაციის დასაწყისისთვის, სდრ აკონტროლებდა არდაგანის მთელს ოკრუგს. ოლთისი ნომინალურად კი გადასცეს ბრიტანელებმა სომხეთს, მაგრამ თურქულ ჯარებს ეს რაიონი არასდროს დაუტოვებიათ და ინარჩუნებდნენ ეფექტურ კონტროლს.

ქართველები უმცირესობაში იყვნენ ახალქალაქშიც, მაგრამ ეს მაზრა/რაიონი მეფის რუსეთის დროს ტფილისის გუბერნიაში შედიოდა და ის ეკონომიკურად თუ ინფრასტრუქტურულად საქართველოს დედაქალაქს იყო მიბმული. ამიტომ, მიუხედავად სომხეთის მოთხოვნებისა, მისი კუთვნილება არც საქართველოში შემოსულ ბრიტანულ ჯარებს და მოგვიანებით არც საბჭოთა ხელისუფლებას კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებიათ.

ბათუმის ოლქიდან ოსმალთა განდევნის შემდეგ ბრიტანელთა პირდაპირი მმართველობა დამყარდა. წარმოშობით ირლანდიელი გენერალ-გუბერნატორი – ჯეიმს კუკ-კოლისი სამოქალაქო ადმინისტრაციის საკითხებში რუსთა ეროვნულ საბჭოს ეყრდნობოდა მასლოვის ხელმძღვანელობით. პრორუსული განწყობა ჰქონდა ბათუმში ბრიტანეთის კონსულ, ასევე ირლანდიელ პატრიკ სტივენსსაც. მეორე მხრივ, მათი ზემდგომი – ამიერკავკასიაში ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი ოლივერ უორდროპი ბათუმის საქართველოს შემადგენლობაში ინტეგრაციას ლობირებდა. ორივე ზემოხსენებული პოზიციის საპირისპიროდ, ბათუმში დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის იდეას ემხრობოდა ბრიტანეთის შავი ზღვის ძალების სარდალი გენერალი ჯორჯ მილნი. მისი აზრით, აჭარის მოსახლეობა კატეგორიულად წინააღმდეგი იყო საქართველოს შემადგენლობაში შესვლისა; ამასთანავე, ბათუმის საქართველოს ხელში ჩაგდება ამ უკანასკნელის ტყვეობაში აღმოაჩენდა სომხეთსა და აზერბაიჯანს, რადგან ბათუმი იყო მთავარი კარიბჭე ამიერკავკასიის დასავლეთთან კომუნიკაციისა.

ამის პარალელურად, მემედ აბაშიძის ხელმძღვანელობით შეიქმნა „სამაჰმადიანო საქართველოს მეჯლისი“, რომელმაც 1919 წლის 31 აგვისტოს სდრ-ის შემადგენლობაში შესვლა მოითხოვა; გენერალი ასლან აბაშიძე ბათუმის ოლქის ტერიტორიაზე ქმნიდა წინააღმდეგობის შეიარაღებულ ჯგუფებს; საქართველოს მთავრობის ფინანსური დახმარებით გამოდიოდა გაზეთი „სამუსულმანო საქართველო“ და ა.შ. ამ მუშაობამ შედეგი გამოიღო და, ბრიტანული მმართველობის პირობებში, 1920 წლის თებერვალში ჩატარებულ ბათუმის საქალაქო არჩევნებში მემედ აბაშიძის მომხრეებმა გაიმარჯვეს. ცხადი იყო თუ ვისკენ იხრებოდა ადგილობრივი მოსახლეობის სიმპათიები. 1920 წლის 7 ივლისს ბრიტანულმა ჯარებმა ბათუმი დატოვეს და ოლქი, ქალაქი ართვინითურთ სდრ-ს გადაეცა.

ბრიტანელთა კავკასიიდან გასვლით ისარგებლეს და გააქტიურდნენ საბჭოთა რუსეთი და თურქეთი. მათ ჯერ ურთიერთშეთანხმებით დაამყარეს ბაქოში საბჭოთა ხელისუფლება, ხოლო 1920 წლის ნოემბერ-დეკემბერში სომხეთი გაინაწილეს. ჯერი საქართველოზე იყო. 1921 წლის 11-12 თებერვლის ღამეს დაიწყო საბჭოთა ჯარების შეტევა სდრ-ის წინააღმდეგ. ამის პარალელურად, მოსკოვში მიმდინარეობდა საბჭოთა რუსეთსა და თურქეთს შორის მოლაპარაკებები სამხრეთ კავკასიის ტერიტორიების განაწილების თაობაზე.

აღსანიშნავია, რომ ამ დროს სდრ უკვე საერთაშორისო დონეზე დე იურედ აღიარებული სუბიექტია, ხოლო ლენინისა და ათათურქის რეჟიმებს არ მიუღწევიათ საერთაშორისო აღიარებისთვის. სამართლებრივი ნონსენსია, რომ ორი არაღიარებული სახელმწიფო აღიარებული სახელმწიფოს ტერიტორიებს ინაწილებდა მისი თანდასწრების გარეშე. საბჭოთა რუსეთის მხრიდან ტფილისის ოკუპაციის შემდეგ, მარტის თვეში თურქული ჯარები ართვინსა და არდაგანში შევიდნენ, შემდეგ ბათუმისკენაც დაიძრნენ. ჯერ კიდევ სდრ-ის ხელისუფლების ბათუმში ყოფნისას, როცა შეიარაღებული წინააღმდეგობა კვლავ გრძელდებოდა, 16 მარტს მოსკოვში ხელი მოეწერა ორმხრივ ხელშეკრულებას, რომლის ძალითაც ართვინი და არდაგანი დარჩა თურქეთს, ხოლო ბათუმი კი საბჭოთა მხარეს.

ეს შეთანხმება იმდენად იმპერიალისტური იყო, რომ მისი ფორმალური ლეგიტიმაციისთვის აუცილებლად მოსჩანდა შეთანხმებათა დოკუმენტზე საბჭოთა საქართველოს, საბჭოთა სომხეთისა და საბჭოთა აზერბაიჯანის წარმომადგენელთა ხელმოწერების დასმა. ამასთანავე, საჭირო იყო საზღვრების უფრო დეტალური დემარკაცია. ამ მიზნით, 1921 წლის 13 ოქტომბერს ხელი მოეწერა ყარსის ხელშეკრულებას ერთი მხრივ სამხრეთ კავკასიის სამ საბჭოთა რესპუბლიკას, ხოლო მეორე მხრივ თურქეთს შორის. ყარსის ხელშეკრულება იმეორებდა მოსკოვის ხელშეკრულების ყველა დებულებას. ორივე ხელშეკრულებაში ბათუმის ოლქს ეთმობოდა სამი პუნქტი: 1. ბათუმი გადაეცემა საბჭოთა საქართველოს; 2. ბათუმში მმართველობა დამყარდება ადგილობრივი მოსახლეობის წესებისა და ტრადიციების გათვალისწინებით; 3. თურქეთს თავისუფალი/უბაჟო გასასვლელი მიეცემა ბათუმის პორტსა და რკინიგზაზე.

საბჭოთა ხელისუფლებას ბათუმის ნაწილში შეთანხმების მეორე და მესამე პუნქტები არასდროს დაუცავს, მაგრამ თურქეთი რასაკვირველია მზად არ იყო ასეთი მეორადი საკითხების გამო საბჭოთა იმპერიასთან ომი დაეწყო.

1991 წლის 9 აპრილს საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა. ამას ორ წელიწადში სამი ომი მოჰყვა საქართველოს ტერიტორიაზე. ქვეყნის საზღვრები სრულად დაცული არც ერთი მიმართულებიდან არ ყოფილა. გაჩნდა ორი სეპარატისტული რეგიონი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახით. ამ დროს, ორი სახელმწიფოს მეთაურს – ედუარდ შევარდნაძესა და სულეიმან დემირელს შორის 1992 წლის 30 ივლისს გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვით მხარეები აღიარებდნენ ყარსის ხელშეკრულებით აღიარებულ საზღვრებს. თურქეთი გახდა ერთადერთი მეზობელი, რომელთანაც სასაზღვრო დავა გამოირიცხა და ის დღემდე რჩება ერთადერთ ქვეყნად, ვისთანაც საქართველოს საზღვრები დემარკირებული აქვს. ეს ბუნებრივიც არის, რადგან საბჭოთა დროს თურქეთი იყო მტრული ნატოს ბანაკის წევრი, რომელთან მიწის თითოეული გოჯი განსაზღვრული უნდა ყოფილიყო; მეორე მხრივ, ასეთი აუცილებლობა არ იდგა საქართველოს საზღვრებზე რუსეთთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან მიმართებით, რადგან ეს ქვეყნები ისედაც ერთ დიდ საბჭოთა იმპერიაში ცხოვრობდნენ.

შევარდნაძე-დემირელის შეთანხმება დაიდო 10 წლის ვადით, იმ პირობით, რომ ის ყოველ შემდეგ 5 წელიწადში ავტომატურად გახაგრძლივდებოდა, თუ რომელიმე ხელმომწერი მხარე ვადის გასვლამდე ნახევარი წლით ადრე ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ არ განაცხადებდა. უკვე სამი ათწლეულია ეს შეთანხმება მუშაობს, არავის გამოუხატავს მისგან გასვლის სურვილი და, სავარაუდოდ, განჭვრეტად მომავალში არც გამოხატავს.

საქართველოსა და სომხეთში ვრცელდება ნარატივი იმის თაობაზე, რომ თითქოს ყარსის ხელშეკრულებას ვადა გასდის, ვითომდა ის 100 წლით იყო დადებული და ამ ნიადაგზე თურქეთი საქართველოში ან/და სომხეთში ახალ ტერიტორიებს დაიკავებს. როგორც ვხედავთ ამას, რბილად რომ ვთქვათ, საერთო არაფერი აქვს სიმართლესთან.

ლორეს ტერიტორია, ანტიკური გუგარქი (გოგარენა) სხვადასხვა დროს შედიოდა როგორც საქართველოს, ასევე სომხეთის შემადგენლობაში. აქ იყო სომხითის (შირაქის) სომხური სამეფო ბაგრატიდების დინასტიით სათავეში. საქართველოს „ოქროს ხანაში“ პროვინცია წარმოადგენდა მხარგრძელთა საგვარეულოს სახელოს. მხარგრძელები განასახიერებდნენ ქართულ-სომხური შუა საუკუნეობრივი იდენტობის სინთეზს – სარწმუნოებით მონოფიზიტები (გრიგორიანელები), ხოლო ენითა და პოლიტიკური კუთვნილებით ქართველები.

განვითარებულ და გვიან შუა საუკუნეებში, სომხური პოლიტიკური ერთეულის არარსებობის პირობებში, ლორეს ტერიტორია ქართულ სამეფოებს ეკუთვნოდათ. ამასთანავე, მეჩვიდმეტე საუკუნეში შაჰ აბასის ლაშქრობების შედეგად, აქ განსახლებას იწყებენ მუსლიმებიც. ადგილზე მრავლად ვხვდებით სომხურ გრიგორიანულ ეკლესიებს, მაგრამ მათთან ერთად ვხვდებით მხარგრძელთა მონოფიზიტურ ეკლესია-მონასტრებს ქართული წარწერებით (მაგ. ქობერი), ასევე ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიებსაც (მაგ. ახტალა). შესაბამისად, ადგილზე მოსახლეობა შერეული იყო, სომხურ-ქართულ-მუსლიმური ელემენტებით.

მეცხრამეტე საუკუნეში მთელი კავკასია რუსეთმა დაიკავა, მაგრამ ნაცვლად საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანისა, საუკუნის ბოლოს რეგიონში ჩამოყალიბდა ტფილისის, ქუთაისის, ერევნის, ელიზავეტპოლისა (განჯის) და ბაქოს გუბერნიები. აღნიშნულ გუბერნიათა დაყოფა, ხშირად, არ მიუყვებოდა ისტორიულ ან დემოგრაფიულ ლოგიკას. საზღვრების ცვლილება ადმინისტრაციულ მმართველობისა და ეკონომიკურ არგუმენტებს ექვემდებარებოდა. ლორეს მონაკვეთი ჯერ ტფილისის გუბერნიის შემადგენლობაში იყო, შემდეგ ერევნის გუბერნიას შეუერთდა და 1868 წელს საბოლოოდ დაუბრუნდა ტფილისის გუბერნიას, როგორც ბორჩალოს მაზრის ნაწილი.

1918 წლის მაისში საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. ადმინისტრაციული არგუმენტით, ლორე უნდა შესულიყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში, როგორც ტფილისის გუბერნიის ნაწილი; დემოგრაფიული შეხედულებით პროვინცია სომხეთს უნდა შეერთებოდა, რადგან მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა სომხური იყო; ისტორიული კუთვნილების თვალთახედვით, როგორც ზემოთ აღინიშნა, ვითარება არ იყო ცალსახა და ორივე მხარეს შეეძლო პრეტენზიის გაცხადება.

იმის გათვალისწინებით, რომ ლორე შედიოდა ბორჩალოს მაზრაში, ხოლო ამ უკანასკნელში მუსლიმური მოსახლეობა წარმოადგენდა უმრავლესობას, მასზე პრეტენზიას ოსმალეთი და აზერბაიჯანიც აცხადებდნენ. 1918 წლის ივნისში სამხრეთ ლორეში შევიდნენ ოსმალური სამხედრო ნაწილები. პროვინციის ცენტრალური და ჩრდილოეთ მონაკვეთები ქართულმა და გერმანულმა შენაერთებმა დაიკავეს. მხარეებს შორის ადგილი ჰქონდა შეტაკებებსაც. მსოფლიო ომის მსვლელობისას, ეს იყო ერთადერთი მონაკვეთი, სადაც მოკავშირე გერმანელები და ოსმალები ერთმანეთს იარაღით დაუპირისპირდნენ.

მსოფლიო ომში დამარცხების კვალდაკვალ, ოსმალეთმა დაიწყო კავკასიიდან, მათ შორის ლორედან, ჯარების გაყვანა. სომხური პოლიტიკური ელიტა განაწყენებული იყო იმით, რომ ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და საგარეო საქმეთა მინისტრი, აკაკი ჩხენკელი 1918 წლის მაისში ცალმხრივად მოელაპარაკა გერმანელებს. ჩხენკელი შეუთანხმდა მათ საქართველოს ოსმალური სრული ოკუპაციისგან გადარჩენაზე, სდრ-მ გამოაცხადა დამოუკიდებლობა, ხოლო სომხეთი მარტო აღმოჩნდა თურქების პირისპირ. ამ კომბინაციის შედეგად, დამოუკიდებელი სომხეთისგან დარჩა, დაახლოებით, მხოლოდ 7000 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია. სომხები ჩხენკელს იმასაც აბრალებდნენ, რომ მისი ბრძანების შედეგად ჩაბარდა მტერს ყარსის ციხე-სიმაგრე. გარდა ამისა, სომხური მხარე უკმაყოფილო იყო ტფილისში სომხური მოსახლეობისა და მისი კერძო საკუთრებისადმი სდრ-ის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მოპყრობით.

ოსმალური ჯარების გასვლის შემდეგ, სომხეთი მოითხოვდა ლორედან ქართული ჯარების გაყვანას და პროვინციის მისთვის გადაცემას. სდრ ამაზე უარს აცხადებდა, მაგრამ მზადყოფნას გამოთქვამდა საკითხი მოლაპარაკების გზით გადაჭრილიყო. ქართულ მხარეს კარგად ესმოდა, რომ ახალ ვითარებაში, როდესაც რეგიონში ბრიტანული ჯარები შემოდიოდნენ, ხოლო პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებული ანტანტა სიმპათიით უყურებდა ოსმალეთისგან ჩაგრულ სომეხთა საკითხს, აუცილებელი იყო მეზობელთან საერთო ენის გამონახვა და დასავლურ სახელმწიფოთა წინაშე სომხებთან ერთად ერთიანი პოზიციით წარდგომა.

მეორე მხრივ, მსოფლიო ომის შედეგებით შეგულიანებულ სომხეთს გაცილებით უფრო დიდი ამბიციები და იმედები ჰქონდა. ის არ თვლიდა საჭიროდ საქართველოსთან ალიანსს, რადგან ფიქრობდა, რომ მოკავშირეთა დახმარებით „არარატის რესპუბლიკა“ ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვამდე ტერიტორიებს დაიკავებდა. დასავლეთ, ანუ თურქეთის სომხეთის ექვს ვილაიეთსა და კილიკიაში სომხები ყველგან ეთნიკურ უმცირესობას შეადგენდნენ, მაგრამ ამ მიწებს მაინც მომავალი სომხური სახელმწიფოს ნაწილად განიხილავდნენ. ამ ფონზე, ისინი ვერ დაუშვებდნენ, რომ სომხური უმრავლესობით დასახლებული ლორესა და ახალქალაქის რაიონები სდრ-ს დარჩენოდა.

სდრ-ის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მცდელობამ – მეზობლები მოლაპარაკებათა მაგიდასთან დამსხდარიყვნენ – შედეგი არ გამოიღო. ახალი გეოპოლიტიკური რეალობებით შეგულიანებულმა და წარსული წყენების გამო გაბრაზებულმა სომხეთმა ლორეს მიმართულებით სამხედრო იერიში წამოიწყო. ორი მეზობელი, რომლებსაც ერთად უნდა შეექმნათ კავკასიის დამცავი ბარიერები და აეშენებინათ ეკონომიკა, არსებობის პირველსავე თვეებში ერთმანეთის წინააღმდეგ საომარ დაპირისპირებაში შევიდნენ. ორივე ქვეყანა უკვე საკმარისზე მეტად იყო დანგრეული ოსმალეთის შეტევებისა და რევოლუციური ქაოსის გამო. ახალი ომი ვითარებას მხოლოდ ამძიმებდა და მომავალს კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდიდა.

ომის საწყის ეტაპზე, მოულოდნელობის ეფექტით, ქართული ჯარი უკან იხევდა. თუმცა მოხერხდა მობილიზაცია და სდრ-ის შეიარაღებული ძალები კონტრიერიშზე გადავიდნენ. ამასობაში, კავკასიაში ბრიტანული ჯარები შემოვიდნენ. მათი პირველადი მიზანი იყო რეგიონიდან მტრული გერმანული და ოსმალური ძალების განდევნა; ბაქოსა და ბათუმს შორის გამავალი რკინიგზისა და ნავთობსადენის გახსნა; რეგიონში მშვიდობის დამყარება, სანამ პარიზის სამშვიდობო კონფერენცია  და საერთაშორისო დიპლომატია სასაზღვრო საკითხებს არ დაარეგულირებდა. ბრიტანეთი უფლებას ვერ მისცემდა კავკასიის სუბიექტებს ერთმანეთის ტერიტორიები ძალით დაეკავებინათ. ასეთ შემთხვევაში, საომარი მოქმედებები არასდროს შეწყდებოდა. ამიტომ, მათ რეგიონში დროებითი სტატუს კვო შექმნეს, ყველას მისცეს რაღაც, მაგრამ არავის მისცეს ყველაფერი. შესაბამისად, მათი გადაწყვეტილებებით რეგიონში არავინ იყო კმაყოფილი.

ბრიტანელთა მოთხოვნით, საქართველოსა და სომხეთს შორის ცეცხლი შეწყდა 1918 წლის 31 დეკემბრის ღამის 12 საათზე. მხარეებს დარჩათ ის ტერიტორიები, სადაც მოცემულ მომენტში მათი ჯარები იდგნენ. საქართველოს შემთხვევაში ეს არის ჩრდილოეთ ლორე, სომხეთის შემთხვევაში სამხრეთ ლორე, ხოლო პროვინციის შუა ნაწილი ნეიტრალურ ზონად გამოცხადდა, შერეული მმართველობით. ეს ითვლებოდა დროებით გადაწყვეტილებად, ლორეს ნეიტრალური ზონის ბედი სამომავლოდ დიპლომატიას უნდა განეხილა. მოვლენებს წინ რომ გავუსწროთ, მას შემდეგ გავიდა საუკუნეზე მეტი და დღესაც, სომხეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადის იქ, სადაც 1918 წლის 31 დეკემბრის ღამის 12 საათზე ქართველმა ჯარისკაცმა დადგა ფეხი.

ნეიტრალურ ზონაში შერეული მმართველობა თითქმის ორ წელს გაგრძელდა. 1920 წლის ნოემბერში თურქული საფრთხე ერევანს მიუახლოვდა. სდრ-ის ხელისუფლებამ, მისი სამხრეთი საზღვრების დასაცავად, 13 ნოემბერს ნეიტრალურ ზონაში ჯარები შეიყვანა, ხოლო 16 ნოემბერს სომხეთის მიერ კონტროლირებადი სამხრეთ ლორეც დაიკავა რკინიგზის სადგურ შაგალის ჩათვლით. „ქართული ოკუპაცია“ უნდა გაგრძელებულიყო სამი თვით, ვითარების სტაბილიზაციამდე და ამის შემდეგ ძველი სტატუს ქვო აღდგებოდა.  ამასობაში სომხეთში საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა და ლორე იქცა სდრ-ის წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციების ბუდედ. სწორედ აქ შეიქმნა „საქართველოს რევკომი“, იგივე საბჭოთა საქართველოს მომავალი მთავრობა (ე.წ. „შულავერის კომიტეტი“); 1921 წლის 11-12 თებერვლის ღამეს სწორედ ლორეში დაიწყო ბოლშევიკების მიერ პროვოცირებული აჯანყება და საქართველოს ოკუპაცია.

1921 წლის 17 მარტისთვის საბჭოთა ჯარებმა საქართველოს ოკუპაცია დაასრულეს და ლორეს საკითხის გადაწყვეტაც ბოლშევიკებს ერგოთ მემკვიდრეობით. მალევე, 2 მაისს რუსეთის კომპარტიის კავკასიის ბიურომ (კავბიურო) ამიერკავკასიის სამი საბჭოთა რესპუბლიკის კომპარტიის შემადგენლობით შექმნა კომისია, რომელსაც სასაზღვრო საკითხები უნდა გადაეწყვიტა. საბჭოთა საქართველოს აღნიშნულ კომისიაში წარმოადგენდნენ „ნაციონალ-უკლონისტები“ – სილიბისტრო თოდრია და ალექსანდრე სვანიძე. კომისიის სხდომის მიმდინარეობისას, საბჭოთა სომხეთის წარმომადგენელმა – ალექსანდრ ბეკზადიანმა სომეხთა გასაჭირი ჩამოთვალა: ყარსის ოლქის სახით დიდი ტერიტორიული დანაკარგი, ლტოლვილთა დიდი რაოდენობა, ეკონომიკის სავალალო მდგომარეობა და მოითხოვა სომხური უმრავლესობით დასახლებული ახალქალაქისა და ლორეს გადაცემა. ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული არგუმენტების მოშველიებით, ქართველმა ბოლშევიკებმა ახალქალაქის გადაცემაზე უარი თქვეს. მათ კავბიუროს მხრიდან დაეთანხმა სერგეი კიროვიც.

ლორეს ნეიტრალურ ზონასთან მიმართებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მისი აღმოსავლეთ ნაწილი გადაეცემოდა სომხეთს, ხოლო დასავლეთში ჩატარდებოდა რეფერენდუმი. მხარეები ვერ შეთანხმდნენ თუ სად უნდა გავლებულიყო საზღვარი აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებს შორის. საკითხი განსახილველად გადაეცა კავბიუროს. სტალინისა და სერგო ორჯონიკიძის უშუალო ჩარევით, 1921 წლის 7 ივლისს კავბიურომ მთელი ნეიტრალური ზონა სომხეთს გადასცა. დიდი ენთუზიაზმის გარეშე, ხუთი ხმით ოთხის წინააღმდეგ, საქართველოს კომპარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა მიიღო კავბიუროს ინსტრუქცია და გადაწყვეტილება დაამტკიცა. ამრიგად, სახელმწიფო საზღვარი იქ დარჩა, სადაც ბოლოს სდრ-ის ჯარმა 1918 წლის 31 იანვრის ღამის 12 საათზე ფეხი დადგა და ახლაც იქ გადის ორ ქვეყანას შორის სახელმწიფო საზღვარი.

ანტიკური ხანიდან მოყოლებული, ისტორიული ჰერეთის/საინგილოს ტერიტორია საქართველოს სამეფოების შემადგენლობაში შედიოდა. გვიან შუა საუკუნეებში დემოგრაფიული ვითარება შეიცვალა. ადგილზე დასახლდნენ ლეკები, აზერბაიჯანელი მუსლიმები და მათთან ერთად ცხოვრობდნენ ქართველებიც. გაჩნდა პოლიტიკური ერთეულებიც: კაკ-ენისელისა და ელისეს სასულთნოები, ასევე ჭარ-ბელაქანის სახანო. აქედან წამოსული ლეკიანობა კახეთისა და ქართლ-კახეთის მეფეებისთვის ერთ-ერთი მთავარი თავისტკივილი იყო.

რუსეთის იმპერიის მიერ კავკასიის ოკუპაციის შემდეგ, 1859 წელს ამ ტერიტორიაზე შეიქმნა ზაქათალის ოკრუგი. აქ ოპერირებდა კავკასიის მეფისნაცვლისა და ეგზარქოსის თაოსნობით შექმნილი „კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღდგენის საზოგადოება“, რომლის მუშაობაში ქართველებიც აქტიურად მონაწილეობდნენ.

1917 წელს მეფის რუსეთი დაიშალა და მომდევნო წელს კავკასიელებმა ხალხებმა დამოუკიდებელი რესპუბლიკები შექმნეს. ზაქათალის ოკრუგზე პრეტენზიას ერთდროულად აცხადებდნენ საქართველო, აზერბაიჯანი და ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა რესპუბლიკა. ეს უკანასკნელი მალევე დაიპყრეს ჯერ დენიკინმა, შემდეგ ბოლშევიკებმა და ამიტომ მის მოთხოვნებს სერიოზული სახე არ მისცემია.

საქართველოსა და აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკები სტრატეგიული პარტნიორები იყვნენ, ისინი ერთმანეთზე ეგზისტენციურად იყვნენ დამოკიდებულები. ჩრდილოეთიდან ორივეს ესაზღვრებოდა რუსეთი, ამიტომ 1919 წლის 16 ივნისს დადეს ერთობლივი თავდაცვის ხელშეკრულება, რომელიც მესამე მხარისგან აგრესიის შემთხვევაში ორივე ქვეყანას სრული სამხედრო ძალებით ურთიერთდახმარებას ავალდებულებდა. ამასთანავე, ორ ქვეყანაზე გადიოდა რეგიონის მთავარი ეკონომიკური არტერიები – ამიერკავკასიის რკინიგზა და ბაქო-ბათუმის ნავთობსადენი. აზერბაიჯანს სატრანზიტოდ სჭირდებოდა საქართველო საგარეო ვაჭრობისთვის, ხოლო საქართველოს სჭირდებოდა აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტები. შესაბამისად, ორი მეზობელი თავს უფლებას ვერ მისცემდა ერთმანეთთან კონფრონტაციაში შესულიყვნენ ზაქათალის ოკრუგის გამო. 1919 წელს აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარემ და პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე აზერბაიჯანული დელეგაციის ხელმძღვანელმა, ტფილისში დაბადებულმა ალი მარდან ბეკ თოფჩიბაშევმა ბრიტანელ დიპლომატ ლუის მალეტს განუცხადა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი იოლად შეთანხმდებოდნენ ზაქათალის ოკრუგის გაყოფაზე.

თუმცა დემოკრატიულ რესპუბლიკებს არსებობა არ დასცალდათ. 1920 წლის 27 აპრილს ბაქოში საბჭოთა რესპუბლიკა გამოცხადდა. ამის პარალელურად მოსკოვში დაიწყო მოლაპარაკებები საბჭოთა რუსეთსა და სდრ-ს შორის. 7 მაისს რუსეთმა აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მოთხოვნები, მათ შორის ზაქათალის მიმართულებითაც. ამას მოჰყვა აზერბაიჯანელი კომუნისტების აქტიური პროტესტი. საკითხი გადაიხედა და 12 მაისს გაფორმდა დამატებითი შეთანხმება. ზაქათალის საკითხის გარშემო ქართულ და აზერბაიჯანულ მხარეებს უნდა შეექმნათ კომისია, რომლის თავმჯდომარე საბჭოთა რუსეთის წარმომადგენელი იქნებოდა. ეს შეთანხმება აზერბაიჯანს უპირატეს მდგომარეობაში აყენებდა, რადგან რუსი ბოლშევიკები ყოველთვის აზერბაიჯანელი ბოლშევიკების მხარს დაიჭერდნენ.

კომისიას მუშაობა არ დასცალდა, რადგან 1921 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთმა სდრ-ის ოკუპაცია განახორციელა. დამოუკიდებელმა საქართველომ მოასწრო და 21 თებერვალს მიიღო კონსტიტუცია. ცალმხრივი გადაწყვეტილებით, კონსტიტუცია ზაქათალის ყოფილ ოკრუგს დემოკრატიული რესპუბლიკის ავტონომიურ ერთეულად აცხადებდა.

თუმცა საკითხის საბოლოო გადაწყვეტა საბჭოთა ხელისუფლებას ხვდა წილად. ზაქათალის საკითხიც იმავე ფორმატში განიხილებოდა, რომელშიც ლორე. 1921 წლის 26 ივნისს მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ ზაქათალა გადაეცემოდა საქართველოს. როგორც ზემოთ აღინიშნა, 7 ივლისს, კავბიუროს ჩარევის შემდეგ, ლორეს ნეიტრალური ზონა მთლიანად გადაეცა სომხეთს. ანალოგიურად, ქართულ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის 26 ივნისს მიღწეული შეთანხმება შეიცვალა და 5 ივლისის გადაწყვეტილებით ზაქათალის ყოფილი ოკრუგი გადაეცა აზერბაიჯანს.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა მეექვსე საუკუნეში დაიწყო და შუა საუკუნეების მანძილზე გრძელდებოდა. კომპლექსი შედგება თექვსმეტი ძეგლისგან, რომელთაგან ცამეტი უდავოდ თანამედროვე საქართველოს ტერიტორიაზეა, ხოლო სამი – ბერთუბანი, ჩიჩხიტურის კოშკი და უდაბნო საქართველო-აზერბაიჯანის ჯერ კიდევ დაუდგენელ სასაზღვრო ტერიტორიაზე. აქედან, ბერთუბანი არის ყველაზე სიღრმეში.

ეს ტერიტორია ყარაიაზის ველის სახელით არის ცნობილი. ის ოდითგანვე შედიოდა ქართული სამეფოების შემადგენლობაში და სამონასტრო ცხოვრებაც მცხეთის ტახტს ექვემდებარებოდა. მეჩვიდმეტე საუკუნეში შაჰ აბასის ლაშქრობათა შედეგად ადგილზე ბორჩალუს ტომის მუსლიმ მომთაბარეთა რაოდენობა გამრავლდა. ისინი ყარაიაზის ველს ზამთრის საძოვრებად იყენებდნენ. რუსეთის იმპერიის დროს ველი ტფილისის გუბერნიის შემადგენლობაში შედიოდა, მაგრამ ადგილზე ქართული მოსახლეობა, ფაქტობრივად, არ ცხოვრობდა.

როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, იმპერიის დანგრევის შემდეგ, საქართველოსა და აზერბაიჯანის დემოკრატიულ რესპუბლიკებს ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან. 1918-1920 წლებში, თანაარსებობის ორი წლის მანძილზე, ყარაიაზის ველის კუთვნილების საკითხი არ დამდგარა. ეს ტერიტორია ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროს შედიოდა ტფილისის გუბერნიის შემადგენლობაში, ხოლო 1918-1921 წლებში სდრ-ის კუთვნილებას წარმოადგენდა და, რუსეთის მხრიდან სასურსათო ბლოკადის პირობებში, რესპუბლიკა იქ პურის ყანების გაშენებას გეგმავდა.

ყარაიაზის კუთვნილების საკითხის განხილვა დაიწყო საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, 1921 წლის ივნისში, კავბიუროს მიერ შექმნილი კომისიის ფარგლებში. აზერბაიჯანული მხარე თანახმა იყო, რომ ველი შესულიყო საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში. ამის სანაცვლოდ, ისინი ქართველი ბოლშევიკებისგან ითხოვდნენ იურიდიული ძალით გამყარებულ პირობას, რომ აზერბაიჯანელ გლეხებს ისეთივე სრულფასოვანი წვდომა ექნებოდათ ყარაიაზის საძოვრებზე, როგორც ეს იყო მეფის რუსეთისა და სდრ-ის დროს. უფრო მეტიც, ადგილზე ყველა ძალაუფლება, გარდა პოლიტიკურისა, უნდა მინიჭებოდათ ყარაიაზელ გლეხებს და მათ უნებართვოდ ქართული მხარე განკარგულებებს არ გამოსცემდა. ამაზე პროტესტი განაცხადეს ქართველმა „ნაციონალ-უკლონისტებმა“. საბოლოოდ, კავბიუროს ჩარევის შედეგად, ეს ტერიტორიაც აზერბაიჯანს გადაეცა.

ბოლშევიკურ ელიტაში მიმდინარე დებატებისას არც ხსენებულა და ვერც ახსენებდნენ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს, მის მნიშვნელობას ქართული კულტურისათვის. ეს მებრძოლი ათეიზმის ხანაა და ასეთ დროს რელიგიური არგუმენტის მოშველიება არავის სურდა, არავის შეეძლო. ძველი ბოლშევიკებისთვის ეს იყო ტერიტორია, საძოვრები, რომელსაც აზერბაიჯანელი გლეხები იყენებდნენ. იქ ქართული მოსახლეობა არ ცხოვრობდა და თუ ეს ასეა, მაშ რატომ არ უნდა მიეცათ ის აზერბაიჯანისთვის?

სამონასტრო კომპლექსის შიგნით ძეგლების განლაგება, ბუნებრივია, ვერ იქნებოდა საზღვრის დადგენის კრიტერიუმი, მაგრამ ასეთ კრიტერიუმებად გამოდგა ქედი და გეოგრაფიული მახასიათებლები. 1921 წელს ზოგადი შეთანხმება მოხდა, რომ ველი აზერბაიჯანს გადაეცემოდა. შემდეგ წლებში რუკებზე კონკრეტული მონაკვეთების მონიშვნა-დაზუსტება ხდებოდა. მართალია ქართველი „ნაციონალ-უკლონისტი“ კომუნისტები შემდეგ წლებშიც არ ეთანხმებოდნენ ყარაიაზის გასხვისებას, მაგრამ საბჭოთა სახელმწიფოსთვის ეს თემა არ იყო ცენტრალური მნიშვნელობისა.

ყარაიაზი გახლდათ საბჭოთა სახელმწიფოს ნაწილი და მის რესპუბლიკებს შორის საზღვრების დემარკაცია არ მიმდინარეობდა. ასეც და ისეც, თავისუფალი იყო მიმოსვლა. მეტადრე, ათეისტურ სახელმწიფოში არ დაუძრავთ მონასტერთა კუთვნილების საკითხი. საზღვრის დემარკაცია მხოლოდ საქართველო-თურქეთის საზღვარზე განხორციელდა, რადგან თურქეთი იყო საბჭოეთისთვის მტრული, ნატოს ბლოკის წევრი ქვეყანა და მკაფიო გამიჯვნას საერთაშორისო პოლიტიკა მოითხოვდა. დანარჩენ სამ მეზობელთან – აზერბაიჯანთან, სომხეთთან და რუსეთთან – დამოუკიდებელმა საქართველომ პროცესი უკვე სამი ათწლეულია ვერ დაასრულა.

გარეჯის საკითხი აქტუალური გახდა „პერესტროიკის“ დროს, როდესაც ქართველმა დისიდენტებმა და ახალგაზრდობმა საპროტესტო მოძრაობა დაიწყეს სამონასტრო კომპლექსის მახლობლად მდებარე სამხედრო პოლიგონის გამო. იმავე პერიოდში, ნაციონალისტურმა საკითხმა საქართველოს კომპარტიის რიგებშიც მეტი გაბედულება ჰპოვა და პარტიის პირველი მდივანი – ჯუმბერ პატიაშვილი ცდილობდა აზერბაიჯანელი კოლეგა ტერიტორიის გაცვლაზე დაეყოლიებინა. მაშინ ეს ვერ მოხერხდა.

საზღვრის დელიმიტაციაზე მუშაობა დაიწყო 1990-იან წლებში, ედუარდ შევარდნაძისა და ჰეიდარ ალიევის მმართველობათა პერიოდში. ქართული მხარე ისევ ცდილობდა, ტერიტორიის მონაცვლეობის პრინციპით, მეტი ფართობის შეთავაზებით დაეყოლიებინა აზერბაიჯანი და საქართველოსთვის დაეტოვებინა სამონასტრო კომპლექსის სადავო ნაწილი. თუმცა, სამი ათეული წლის შემდეგაც სტატუს ქვო უცვლელია. აზერბაიჯანი უარს აცხადებს ტერიტორიის მონაცვლეობაზე. მათი ხედვით, გარეჯის ქედი არის სამხედრო-სტრატეგიული სიმაღლე, რომლის საქართველოსთვის დათმობა არ აწყობთ. მაგრამ, ალბათ, ამაზე მნიშვნელოვანია საკითხის ისტორიულ-პოლიტიკური მხარე.

საღი სამეცნიერო აზრისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას ის ფაქტი, რომ სამონასტრო კომპლექსი ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. თუმცა, ჯერ კიდევ საბჭოთა დროს, აზერბაიჯანულ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრდა დებულება, რომ თანამედროვე აზერბაიჯანელები კავკასიელი ალბანელების შთამომავლები არიან, ხოლო აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ყველა ქრისტიანული ძეგლი ალბანური კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია.

ალბანეთი დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ქრისტიანული (დიოფიზიტური) სახელმწიფო იყო, საკუთარი ენით, ანბანით და მძლავრი ქრისტიანული კულტურით. ეს სახელმწიფო მერვე საუკუნეში არაბთა ლაშქრობის შედეგად განადგურდა. საბჭოთა და პოსტსაბჭოთა აზერბაიჯანულ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებული რევიზიონისტული აზრი, რომ თანამედროვე აზერბაიჯანელები ალბანელთა მემკვიდრეები არიან, გაკრიტიკებულია დასავლურ, რუსულ და ქართულ სამეცნიერო წრეებში. თუმცა აზერბაიჯანული სახელმწიფოსთვის პოლიტიკურად მნიშვნელოვანია ამ მემკვიდრეობაზე მოჭიდება, რადგან აღნიშნული თეორიის მეშვეობით ხდება, მაგალითად, ყარაბაღის ქრისტიანული ეკლესია-მონასტრების აზერბაიჯანისადმი კუთვნილების ლეგიტიმაცია.

2020 წლის 4 დეკემბერს, ქელბაჯარის რაიონის სომხური ოკუპაციისგან გათავისუფლების შემდეგ, აზერბაიჯანმა დადივანქის (ხუდავანის) მონასტერში ჩაიყვანა უდინთა ტომის წარმომადგენლები და წირვა-ლოცვა ჩაატარებინა. უდინები ძველი ქრისტიანული ტომია, რომლებიც ალბანელთა პირდაპირ შთამომავლებად მიიჩნევიან და აზერბაიჯანში სულ 5000 ადამიანამდე არიან შემორჩენილები. ისტორიის პოლიტიზაცია და წარსულის თანამედროვე ინტერესებისთვის მორგება, მეტ-ნაკლებობით, სამხრეთ კავკასიის არც ერთი სახელმწიფოსთვის არ არის უცხო რამ.

გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ისტორიასთან დაკავშირებით კომპრომისის დაშვებამ, შესაძლოა, ცუდი პრეცედენტი შექმნას აზერბაიჯანისთვის ყარაბაღის ეკლესია-მონასტრების კუთვნილებასთან დაკავშირებით. აზერბაიჯანული მხარის პოზიცია ცალსახაა – მის ტერიტორიაზე მდებარე ყველა ქრისტიანული ძეგლი ალბანური კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია. შესაბამისად, აზერბაიჯანს აქვს ისტორიული ლეგიტიმაცია აღნიშნულ ძეგლთა მფლობელობაზე. აქედან გამომდინარე, შეიქმნა დავით გარეჯის აზერბაიჯანული სახელწოდებაც – „ქეშიქჩიდაღის სამონასტრო კომპლექსი“.

მართალია აზერბაიჯანი უარს აცხადებს საქართველოს ფორმალურად დაუთმოს სადავო ძეგლები, მაგრამ ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინებით, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები 2019 წლამდე ქართველ მომლოცველებს უპრობლემოდ უშვებდნენ უდაბნოს მოსანახულებლად.

როგორც ვთქვით, ყველაზე სიღრმეში არის ბერთუბნის მონასტერი, მაგრამ ის მნიშვნელობით  ალბათ ყველაზე დიდია, რადგან მასში იყვნენ ფრესკებზე გამოსახულნი თამარ მეფე და ლაშა-გიორგი (ამჟამად ორიგინალი ფრესკები დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში – ბ.კ.). არ არის გასაკვირი, რომ ქართული ეროვნული იდენტობისთვის ასეთი მნიშვნელობის კულტურული ძეგლი იოლად დასათმობი ვერაა და ის ქართულ საზოგადოებაში ჭარბად იწვევს ემოციას. შესაბამისად, გარეჯი შემოდის საქართველოს შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში და სახელისუფლებო თუ ნაციონალისტური ჯგუფები აქტიურად ცდილობენ ამ თემის გამოყენებას პოლიტიკური დივიდენდების მოსაპოვებლად.

საკითხის სიღრმისეული ცოდნის გარეშე გამოჩენილი პოპულიზმი და პოლიტიკური სულმოკლეობა ცუდად უბრუნდება უკან საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. 2019 წელს, საქართველოს პრეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილი ეწვია გარეჯის სამონასტრო კომპლექსს და განცხადებაც გააკეთა, რომ პრობლემა სასწრაფოდ უნდა გადაწყვეტილიყო. მისივე მტკიცებით, ეს თემა აზერბაიჯანელ კოლეგასთან შეხვედრისასაც წამოჭრა. ამას მოჰყვა ქართული ნაციონალისტური თუ რელიგიური ჯგუფების საპროტესტო აქციები ძეგლის ტერიტორიაზე. საკითხის ასეთმა ფორსირებამ და ზეწოლამ აზერბაიჯანული მხარის უკურეაქცია გამოიწვია. როგორც შედეგი, ქართველ ტურისტებსა და მომლოცველებს უდაბნოს მონასტერზე მისვლა შეეზღუდათ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ხელისუფლება და სახელისუფლებო ტელეარხები აქტიურად იყენებდნენ გარეჯის თემას. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, საქართველოს ტერიტორიების დათმობის ბუნდოვანი ბრალდებით დააკავეს საჯარო მოხელეები – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა. შიდა პოლიტიკური ბრძოლების ფონზე, წინ არ მიიწევს საკითხის საბოლოო გადაწყვეტა.

საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ისინი სამხრეთ კავკასიაში ქმნიან ერთ ეკონომიკურ სხეულს. აზერბაიჯანი საქართველოს რკინიგზებისა და პორტების მეშვეობით ახორციელებს საგარეო ვაჭრობის დიდ ნაწილს. საქართველოზევე გადის აზერბაიჯანული ნავთობ და გაზსადენები. საქართველოსთვის აზერბაიჯანი არის ქვეყნის ეკონომიკაში ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი. 2006 წლიდან მოყოლებული, აზერბაიჯანი არის საქართველოსთვის მეგობრულ ფასად გაზის ერთადერთი და სანდო მომწოდებელი. ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლობის ინტერესი ეგზისტენციურად იმდენად დიდია, რომ ისინი თავს კონფლიქტში შესვლის უფლებას ვერ მისცემენ. უფრო მეტიც, ნაცვლად კონფლიქტებისა, საზღვრები მეტი გახსნილობის მიმართულებით უნდა წავიდეს, „კავკასიური შენგენის“ პრინციპით.

კარგი იქნებოდა ქვეყნებს ჯერ დაესრულებინათ საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციაზე მუშაობა და შემდეგ წასულიყვნენ გახსნისკენ, მაგრამ ამ ეტაპზე ორივე მხარემ უნდა აღიაროს, რომ კომპრომისების ლიმიტი ამოწურულია. ახლა მთავარია თავი ავარიდოთ კონფრონტაციას და ამის საპირისპიროდ, ძველებურად, თავისუფალი წვდომა მიეცეთ ქართველ მომლოცველებს უდაბნოზე, ჩიჩხიტურსა და ბერთუბანზე. სტატუს ქვოს კონსერვაციით არავინ დაიღუპება, მაგრამ შეიძლება საერთო ინტერესებს ევნოს საკითხის პედალირებით. გაივლის ათწლეულები, ორივე ქვეყანაში თაობები შეიცვლება, აზერბაიჯანს აღარ ექნება მწველი საჭიროება, რომ დავით გარეჯი ალბანური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად წარმოადგინოს. ამის შემდეგ ბევრად უფრო მარტივი იქნება მიწათა მონაცვლეობაზე მოლაპარაკება.


ამ მასალის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის  შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია ავტორი. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს Civil.ge-ს, EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.  

Back to top button